მოქალაქეების წევრი, ლევან იოსელიანი ამბობს, რომ უმჯობესია, ქართული პოლიტიკური პარტიები უკრაინას ერთობლივი ვიზიტით ესტუმრონ.
მას შემდეგ, რაც საქართველოს მმართველმა გუნდმა, ფაქტობრივად, უარი თქვა უკრაინაში, ბუჩაში ვიზიტზე, ოპოზიციის წევრებმა განაცხადეს, რომ ეს მათ უნდა გააკეთონ. სწორედ ამ ინიციატივას ეხმაურება იოსელიანიც.
"დღეს, საერთაშორისო ვითარებიდან გამომდინარე, უკრაინისთვის მტკიცე მხარდაჭერისა და თანადგომის ჩვენება სჭირდება უფრო მეტად საქართველოს, ვიდრე უკრაინას. ჩვენი პარტიის ლიდერი, ალექსანდრე ელისაშვილი უკვე ერთი თვეა იბრძვის უკრაინაში და ზუსტად ამის საჩვენებლად აკეთებს ამას. ბუჩას მოვლენების შემდეგ, ყველა ოპოზიციონერს გაუჩნდა სურვილი ცალ-ცალკე ჩასულიყო სამძიმრის გამოსახატად ჩვენს მეგობარ ქვეყანაში. მაგრამ ვფიქრობ, ახლა მტკიცე ერთიანობის საჩვენებლად, უმჯობესია ყველა ერთობლივი ვიზიტით ვეწვიოთ უკრაინას. ამიტომ გადავწყვიტე, მე როგორც ვიცე სპიკერმა გავაკეთო ამის კოორდინირება, უკვე მაქვს თანხმობა ყველა საპარლამენტო ოპოზიციური პარტიისგან". - თქვა ლევან იოსელიანმა.
მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ ოპოზიციას ქართული ოცნების დეპუტატებიც შეუერთდებიან.
"მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტის თავმჯდომარე ვერ ახერხებს ბუჩაში ჩასვლას, იმედი მაქვს მმართველი პარტიის წარმომადგენლები შემოგვიერთდებიან, რათა ერთად ვაჩვენოთ ჩვენი ქვეყნის საერთო პოზიცია. დღეს არა დაყოფის და დაპირისპირების, არამედ ერთიანობის დემონსტრირების დროა". - თქვა იოსელიანმა.
8 აპრილს საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ანდრი კასიანოვმა თქვა, რომ ბუჩაში მომხდარი ტრაგედიის სანახავად პარლამენტარები მიიწვიეს. მოწვევა გაეგზავნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილსაც. აპუაშვილმა მოწვევას არასათანადო უწოდა, თუმცა, არ დაუკონკრეტებია, ჩავა თუ არა უკრაინაში.
პარლამენტის აპარატის ცნობით, თავმჯდომარე, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მუშაობას დისტანციურად აგრძელებს.
ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, იმ ფონზე, როცა უკრაინის მთავრობის წარმომადგენლები საქართველოს სახელმწიფოს მიმართ შეურაცხმყოფელ განცხადებებს აკეთებენ, შალვა პაპუაშვილის ბუჩაში მიწვევა არარელევანტურია.